საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის პირობები COVID-19 ვირუსის პანდემიის დროს
ინფორმაცია საქართველოში შემოსვლის წესებისა და პირობების თაობაზე
2021 წლის 1 თებერვლიდან, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამოქმედდა საქართველოში შემოსვლის ახალი წესები და პირობები:
კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლა
ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა.
კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა
- საქართველოს მოქალაქეებისათვის
1. საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით;
2. საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში – დაექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას);
ამასთან, პირები, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, 12 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას.
- უცხოელებისათვის
საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის უფლება აქვს ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს:
- ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები;
- ისრაელის სახელმწიფო;
- შვეიცარიის კონფედერაცია;
- ნორვეგიის სამეფო;
- ამერიკის შეერთებული შტატები;
- დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო;
- საუდის არაბეთის სამეფო;
- კატარის სახელმწიფო;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები;
- ბაჰრეინის სამეფო;
- თურქეთი;
- აზერბაიჯანი;
- უკრაინა;
- სომხეთი;
- რუსეთი;
- ყაზახეთი;
- ბელორუსი;
- თურქმენეთი;
- უზბეკეთი;
- ტაჯიკეთი;
- ყირგიზეთი.
საქართველოში შემოსასვლელად ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:
- საქართველოში უნდა გამოემგზავრონ საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე ქვეყნების ტრანზიტული მგზავრობისთვის გამოყენების უფლებით. (სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია);
- სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით;
- საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ სპეციალურ ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;
- პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, 12 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას. ამ შემთხვევაში, PCR ტესტის საზღვარზე წარდგენა, ისევე როგორც, მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო.
ზემოთ მითითებული კატეგორიების გარდა, საქართველოში შემოსვლის შეზღუდვები არ ვრცელდება:
- საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებზე;
- საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;
- ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა. შ.);
- საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე;
- პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე;
- საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე;
- ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.
ასევე, იხილეთ:
- უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/193
- ინფორმაცია საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის მიზნით მომავალი უცხოელი ვიზიტორებისთვის: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/225
- ინფორმაცია "იმუშავე საქართველოდან" პროექტთან დაკავშირებით: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/194
*ზემოთაღნიშნული ინფორმაცია, აღებულია ოფიციალური წყაროდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის ვებგვერდიდან: www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/247