ექსკურსიები

გელათი

შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი, ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი - გელათის მონასტერი აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) ნაგებობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

გელათის სამონასტრო კომპლექსი მოიცავს: მთავარ - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვან ტაძარს, რომლის კედელ-კამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით, XII საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას XVI საუკუნის მოხატულობით, წმ. ნიკოლოზის სახელობის ორსართულიან ეკლესიას, XIII ს. სამრეკლოსა და გელათის აკადემიას.

ქართული სამეცნიერო-პედაგოგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო კერა - გელათის აკადემია, 1106 წელს, დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და ხელშეწყობით გელათის მონასტერთან დაარსდა. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწეოდ სწავლული ქართველები შეკრიბა, რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის აკადემიას "აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად"  და ”მეორე ათენს” უწოდებდნენ. აკადემიის სათავეში ედგა მოძღვართ-მოძღვარი. სასწავლო პროგრამა ძირითადად ტრივიუმის (გეომეტრია - "ქვეყნის საზომლოჲ", "არითმეტიკა" - "რიცხუნი", მუსიკა - "სამოსოჲ") და კვადრიუმის (ფილოსოფია სამი სახის - "საქმეთი, მხედველობითი და განმსიტყუელობითი", რიტორიკა სამი სახის - "თანამზრახველობისა, მეპაექრობისა და დღესასწაულობისა", გრამატიკა და ასტრონომია - "ვარსკვლავთმრიცხველობაჲ") საგანთა შესწავლას ითვალისწინებდა.

XIV საუკუნეში გელათში შეიქმნა მნიშვნელოვანი იურიდიული ძეგლი "გარიგება ჴელმწიფის კარისა" და საისტორიო წყარო "გელათური ქორონიკონი". მთავარი ტაძრის კონქში დაცულია გელათის ცნობილი მოზაიკა (გელათის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა აიასოფიას ღვთისმშობლის ანალოგია (და პირიქით). მარიამის სახედ კი, დავით აღმაშენებლი სმამიდის, მარიამის სახე გამოიყენეს)), დასავლეთ სტოაში - XII საუკუნის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულია საეკლესიო კრება. სამხრეთ ეკვდერში კი დავით ნარინის XIII საუკუნეში შესრულებული ორი პორტრეტი. განსაკუთრებით საყურადღებოა ისტორიულ პირთა პორტრეტები (XVI ს.): ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები. აქვეა დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულებაც.

გელათის მონასტერი სამეფო სახლის საკუთრება და საძვალე იყო, ტერიტორიულად ახლოს მდებარეობდა სამეფოს პოლიტიკურ ცენტრთან - ქუთაისთან, აქ დასაფლავებულია სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე: დავით IV აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III და თამარი (ისტორიკოსების ცნობით). ასევე იმერეთის მეფეები: ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V და სოლომონ I.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, ვიქტორ ასტაფიევის "ციმორების ჭერა საქართველოში". რა წივილ-კივილიც მოყვა ამას და რა როგორ იყო, ეგ ახლა სხვა თემაა, მაგრამ ასტაფიევს, საკმაოდ ვრცლად აქვს აღწერილი გელათში სტუმრობა და მასპინძლის მონაყოლ ამბავსაც იხსენებს: ...Выяснилось: густая, маслянистая копоть на стенах собора была не от сальных и восковых свечей, не от робких лучинок древлян - копоть осталась от костров завоевателей-монголов. Только копоть, только оскверненные храмы, уничтоженные народы, государства, города, селения, сады, только голые степи, мертвящая пыль да пустыни... ничего более не оставили завоеватели. Ни доброй памяти, ни добрых, разумных дел -- уж такое их назначение во все времена. По дикому своему обычаю, монголы в православных церквах устраивали конюшни. И этот дивный и суровый храм они тоже решили осквернить, загнали в него мохнатых коней, развели костры и стали жрать недожаренную, кровавую конину, обдирая лошадей здесь же, в храме, и пьяные от кровавого разгула, они посваливались раскосыми мордами в вонючее конское дерьмо, еще не зная, что созидатели на земле для вечности строят и храмы вечные. По велению царя Давида, меж кровлями собора была налита прослойка свинца. От жара диких костров свинец расплавился, и горячие потоки металла обрушились карающим дождем на головы завоевателей. Они бежали из Гелати в панике, побросав награбленное имущество, оружие, коней, рабынь, считая, что какой-то всесильный, неведомый им Бог покарал их за нечестивость... Все это тихим голосом переводил мне умеющий незаметно держаться, вовремя прийти на помощь Шалва. Грузины сохраняют собор в том виде, в каком покинул его содрогнувшийся от ужаса враг...

ბაგრატი

ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, "უქიმერიონის გორაზე", ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, X-XI საუკუნეების მიჯნაზეა აგებული.. ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს. მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებულია დეკორატიული თაღების სისტემა, რომლებიც ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ნაგებობის ორნამეტს გრაფიკულობა, კარიბჭეთა შემკულობას კი ღრმა, პლასტიკური კვეთა ახასიათებს. კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი ფრაგმენტები). სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულება. 1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, მაგრამ, სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, იგი, სამწუხაროდ ამოიღეს ამ სიიდან.

მოწამეთა

მოწამეთას სამონასტრო ანსამბლი იმერეთში, ქუთაისიდან აღმოსავლეთით, ექვსი კილომეტრის დაშორებით,  მდინარე წყალწითეალს თვალწარმტაც ხეობაში, გელათის მონასტრის მახლობლად,  სოფელ მოწამეთაში მდებარეობს. იგი აგებულია წმინდა ძმების, დავითისა და კონსტანტინეს (მხეიძეების) უკვდავსაყოფად. დავითი და კონსტანტინე არგვეთის ერისთავები იყვნენ, რომლებიც VIII საუკუნეში შემოსეულ არაბთა ლაშქარს მცირე რაზმით თავგანწირულად შეებრძოლნენ, დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ. არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ, შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. განრისხებულმა მურვანმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება ვაჟკაცურად აიტანეს და მოწამეთა გვირგვინით შეიმოსნენ. დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ამ ეკლესიაში ინახება.

მოწამეთის მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საქართველოს ძველი ისტორიის ბრწყინვალე მღაღადებელი, თავისი წარმტაცი, ხატოვანი ბუნებით წარუშლელ შთაბეჭდილებას რომ ტოვებს მნახველზე. იგი გაშენებულია გალავნით შემორტყმული კლდოვან-ტყიანი მთის დავაკებულ ადგილზე. აქაურობა განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე, როცა მწვანე სამოსში გაეხვევა ირგვლივ მდებარე მთა-გორები, მაგრამ, მაინც ოდნავ პირქუში იერი დაჰკრავს. ამ ადგილს, სამი მხრიდან მდ. წყალწითელა უვლის.

წყალწითელას ხეობა, სადაც მონასტერი მდებარეობს, ერთ-ერთ დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენდა და იგი უდიდეს როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამას ადასტურებს აღნიშნული ხეობის ძეგლები, რომელთა შორის, თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მოწამეთის ხუროთმოძღვრულ კომპლექსს.

მოწამეთის შესახებ ერთ-ერთი ადრეული ცნობა, დაცულია წმინდანთა ცხოვრებაში: ”ადგილსა იმას, რომელსა ჰქვიან წყალწითელი, რამეთუ იყო ადგილი იგი ციხე-ქალაქ და ერმრავალ”. მართლაც, სტრატეგიული თვალსაზრისით, ”წყალწითელი” უაღრესად მოხერხებული ადგილია. იგი მდინარის მიერ შექმნილი ნახევარკუნძულია და ყოველი მხრიდან ციცაბო კლდეებითაა დაცული. სწორედ ამიტომაც, ეს ციხე საშუალო საუკუნეებში მეტად მნიშვნელოვან სამხედრო–სტრატეგიულ პუნქტად გვევლინება.

დიდი ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი, მურვანის ლაშქრობის ამბავს ასე გადმოგვცემს: ”შემდგომად გამეფდა ძე-სტეფანოზისა მისი. ამის მეფობის მეოთხე წელსა... მოვიდა მურვან ყრუ, დისწული მაჰმადისა სპითა უამრავითა, ვერვინ წინაღუგდა, შემუსრა სომხეთი, ქართლი, რანი და ყოველი კავკასია, ხოლო სცნა რა მეფისა ეგრისს ყოფნა, შავიდა არგუეთს და მუნ ეწყუნენ მენებურნი მთავარნი დავით და კონსტანტინე და მოსწყიდნენ სპათა მისნი მრავალგზის”.

მტერმა მოაოხრა არგვეთის სამთავრო და ბუნებრივია, ვერც ციხესიმაგრე ”წყალწითელი” გადაურჩა დამპყრობელს. წმინდანთა ცხოვრებაში ვკითხულობთ: ”რამეთუ ყრუსა მურვანსა გამოეღო ეოხა და დაეწვა”. დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს არგვეთის მთავრებმა. ”აღიზახა ვითარცა ლომმან, დააოტნეს და განაბნინეს იგინი და ურიცხვი მოსრნეს”. მაგრამ, აღესრულა მურვან-ყრუს ბრძანება და დავით და კონსტანტინე შეიპყრეს. დიდხანს სცემდნენ გახელებით და გამეტებით, ხოლო ისინი, იწვნენ მდუმარედ და უდრტვინველად ღებულობდნენ ყოველ დარტყმას.

ათი დღე აწამეს ძმები. ათი დღის შემდეგ, ორივე გააშიშვლეს და ხეზე დაჰკიდეს, მძიმე ხელკეტებით სცემეს, შემდეგ ჩამოხსნეს, ქედზე ლოდები დააკრეს და მდინარეში გადაყარეს. ხალხმა წყლიდან ამოასვენა წამებულნი, წყალწითელას ხევში ღრმადჩაჭრილ კლდოვან ყელს ჩაუდგა პროცესია... აქ ადრე, ხარების სახელობის ეკლესია იდგა, ნაეკლესიარში ძველთაძველი აკლდამა იყო, ამ აკლდამაში დაასვენეს მოწამენი, ამ ადგილს ”მოწამეთა” ეწოდა.  XI საუკუნეში, ბაგრატ III-მ აღადგინა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები. 

როგორი სახე უნდა ჰქონოდ აეკლესიას თავდაპირველად, რასაკვირველია ძნელი სათქმელია, მაგრამ, ეკლესია შიგნით მცირე ფართობისა იქნებოდა. საკურთხეველი მოთავსებული იყო და არის ჩრდილოეთის მხარეს. ეკლესიას გუმბათი არ ჰქონდა. მე-19 საუკუნეში ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 1844-45 წლებში, ლევან, მოსე და ფილიპე ბერეკაშვილებმა, შეაკეთეს და გააფართოეს მოწამეთის ეკლესია იმერეთის ეპისკოპოსის - დავით წერეთლის ხელმძღვანელობით. სამუშაოები მთლიანად დასრულდა 1865 წელს. საკურთხეველი გადატიხრულია XIX საუკუნის ხის კანკელით, რომელზედაც, წარმოდგენილია სიუჟეტები სახარებიდან და წმინდანთა ცხოვრებიდან. საკურთხევლის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილზე, ხის ორ მოჩუქურთმებულ ლომზე, დევს ხისგან დამზადებული ლუსკუმი, რომელშიც მოთავსებულია წმინდანების ნეშტი. ლუსკუმი დამზადებულია ვინმე სულთანოვიჩის სახსრებით. ლუსკუმის ქვემოთ, დატოვებულია ადგილი, რომ მორწმუნეებმა ჩოქვით გაიარონ. ეკლესიის სამხრეთით ორსართულიანი სამრეკლოა, მასზე წარწერაა, რომ იგი აგებულია იმერეთის მიტროპოლიტის დავითის განკარგულებით 1845 წელს. იქვეა ეკლესიის მსახურთა საცხოვრებლები. დასავლეთით მდებარე გრძელი მოსაცდელი, აგებულია ძველ ნაეკლესიარზე. მოსაცდელზე, 1960 წელს წინამძღვრის სახლი დაუშენებიათ.

მოწამეთის ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა 1954 წელს, რაზედაც მიუთითებს დასავლეთის მოსაცდელში დაცული წარწერა. მასში მოხსენიებულია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი, ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი ნაომი (შავიანიძე), მღვდელი სულაკაძე, რომელთა მეოხებითაც აღდგენილ იქნა წირვა-ლოცვა. ამ დროს გადაასვენეს დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ქუთაისის მუზეუმიდან მათს სამკვიდრებელში – მოწამეთის მონასტერში.